1727944755
„მე მოლოცვას არ ვიღებ... სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან, გამოსწორდებიან“ - ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
როგორც ნიკო კვარაცხელიას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო.
„ბევრმა მომილოცა და შეიძლება კიდევ მომილოცონ. მე ამ მოლოცვას არ ვიღებ. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ფაქტი. ასე უნდა მომხდარიყო. მე გპირდებით, რომ ეს იქნება გამოსწორების დასაწყისი. ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან, გამოსწორდებიან. მინდა გთხოვოთ, ისევ თანადგომა. მეორე ნაწილი, რომელიც გამოყოფილი საქმეა დამკვეთები ვინც არიან, ესეც მივიყვანოთ დროულად ბოლომდე და ჩვენს ქვეყანაში დადგეს სამართალი. იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯებიან ისინი. მადლობას ვუხდი მოსამართლეს, ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა,“ - განაცხადა ნიკო კვარაცხელიას დედამ.