კაცი, რომელიც ცოლ-ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, დუმილის უფლებას იყენებს

სასამართლო

მკვლელობისათვის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

35 წლის გიორგი გაწირიძეს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს, სადაც ის თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება.

დღეს სასამართლომ, გაწირიძისათვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა, ბრალდებულის ახალი ადვოკატის, ლეილა გარსევანიშვილის თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„დიახ, ის იყენებს დუმილის უფლებას, სასამართლომ უკვე დააკანონა პატიმრობა, თუმცა მე ჯერ არ შევხვედრივარ და ჯერჯერობით პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით"- განაცხადა გარსევანიშვილმა.

გაწირიძეს ბრალი დაკავებამდე, დაუსწრებლად წარუდგინეს და დაუსრებლადვე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

მკელობაში ბრალდებული, სამართალდამცველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე და 143- ე მუხლებით არის დაწყებული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 17 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არის ნასამართლევი, თუმცა ნასმართლობა გაქარწყლებული აქვს.

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაზე, 10 თებერვალს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, მამაკაცმა მასთან ერთად დასაქმებული ცოლ- ქმარი, თანხის გამო დახოცა, მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი კი თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.