კახეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სასამართლო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 21 წლის კაცს , სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი თელავის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.
თავად მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.

„მამაჩემი ნასვამი იყო, მაგიდასთან იჯდა და დანა ედო. მემუქრებოდა და მე  ვიფიქრე, რომ საფრთხე რეალური იყო.  მე რომ არ დამესწრო, ის ჩემს მოკვლას აპირებდა"- აცხადებდა ბრალდებული სასამართლო პროცესებზე.
საქმეში ჩართული ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი განმარტავს, რომ დაცვის მხარე  დასაწყისშივე

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ მკვლელობაზე საუბრობდა და საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა.

„ჩვენ ვცდილობდით  დაგვერწმუნებინა სასამართლო, რომ მკვლელობა მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არ ვეთანხმებოდით განზრახ მკვლელობის მუხლს. ახლა ვფიქრობთ, რომ განაჩენი გავასაჩივროთ და კვალიფიკაციის შეცვლა მოვითხოვოთ"- განაცხადა ჩაველაშვილმა.

სასამართლომ არ გაიზიარა  დაცვის მხარის არგუმენტები და  ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა  კაცი მამის განზრახ მკვლელობაში დამანშავედ ცნო.

მკვლელობა სოფელ ანაგაში 2023 წლის 4 ივლისს მოხდა. წარსულში ნასამართლევმა და  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა 20 წლის  ახალგაზრდამ, 51 წლის მამა  დანით მოკლა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა.