ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

ჯუანშერ ბურჭულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა, რომელზე შეთანხმებაც რამდენიმე კვირის წინ შედგა.

კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით. ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.