ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ​სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ფლოიდის საქმე

მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის სასამართლომ 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. თავად დერეკ შოვინმა საკუთარი ბრალი აღიარა.

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის მარტში პოლიციის მიერ დაკავების დროს ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც აშშ-ის ქალაქებში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.

ამავდროულად, დერეკ შოვინის წინააღმდეგ სასამართლოს გამოტანილი აქვს კიდევ ერთი განაჩენი. მას 22 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობისთვის, ასევე მეორე ხარისხის არაგანზრახ მკვლელობისთვის.

სასამართლო სხდომის დროს დერეკ შოვინმა გარდაცვლილი ფლოიდის ოჯახს მიმართა და განაცხადა, რომ მის შვილებს საუკეთესოს უსურვებს.

ამასთან, სასამართლოზე ბრალდებულმა პირველად აღიარა, რომ მას მუხლი ჰქონდა მიბჯენილი ფლოიდის ყელზე იმის მიუხედავად, რომ მამაკაცი ამბობდა „ვერ ვსუნთქავ“.

ფლოიდის დაკავებაში მონაწილე კიდევ სამი სამართალდამცველი სასამართლომ სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის გაასამართლა. მათი განაჩენის გამოტანის თარიღები ჯერჯერობით უცნობია.