„ჰქონდა პანიკური შეტევა... რამდენჯერმე თავი მიარტყა კედელს...“ - რენატა ბეგიაშვილის საქმის მასალები გასაჯაროვდა

რენატა

მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებული ქალის მეგობრის მეუღლის ჩვენება მოიპოვა.

მოწმე, რომელიც გამოკითხვაში სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს, დეტალურად ჰყვება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებზე.

აღნიშნული პირის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს რენატა ბეგიაშვილი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც, მოწმის ჩვენებითვე, ბეგიაშვილმა შალვა იაშვილის დანით მოკვლა სცადა.

„2023 წლის 22 აპრილს ჩემმა მეუღლემ, მ.გ-მ, მითხრა, რომ მისი მეგობრის, რენატა ბეგიაშვილის მეუღლის, შალვა (შაკო) იაშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში აპირებდნენ მეგობრები შეკრებას და საღამოს ერთად გატარებას. მეუღლემ მთხოვა, მასთან ერთად მეც წავსულიყავი და მეგობრებთან ერთად გაგვეტარებინა საღამო, რაზეც დავეთანხმე. დაახლოებით 15:00 საათზე საბურთალოზე შევხვდით ჩემი მეუღლის მეგობარს, ა.ვ-ს, რომელიც ავტომანქანით იმყოფებოდა და ტაბახმელაში ჩვენთან ერთად მოდიოდა. როდესაც ა.ვ-ს ავტომანქანით მივდიოდით, ჩვენ დავუკავშირდით ჩემი მეუღლის მეგობარს, ა.მ-ს და მის მეუღლეს, ნ.ნ-ს, რომლებიც ასევე ტაბახმელაში მოდიოდნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ წავიღებდით ღვინოსა და ლუდს. გზაში მე შევიძინე ღვინო და 2.5 ლიტრი ლუდი. ჩვენ მივედით შალვას საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგვხვდნენ ჩემი მეუღლის მეგობარი რენატა ბეგიაშვილი, მისი მეუღლე შალვა იაშვილი, მათი შვილი სანდრა, რომელიც არის 8 წლის. ასევე, მოვიდნენ ა.მ და მისი მეუღლე ნ.ნ, რომლებმაც ასევე მოიყვანეს მათი შვილები, დაახლოებით, 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგო. მოგვიანებით შემოგვიერთდა შალვას მეზობელი.

სახლში ქალბატონებმა დაიწყეს საჭმლის მომზადება, სუფრის გამზადება, რა დროსაც რენატა მიირთმევდა ჩემ მიერ მიტანილ ლუდსა და ღვინოს. მამაკაცებმა გადავწყვიტეთ, გავსულიყავით სამწვადის საყიდლად. მე, შალვა და ნ.ნ. ნ-ს ავტომანქანით წავედით ლუდის საყიდლად. როდესაც მივდიოდით, რენატამ გვითხრა, კიდევ გვეყიდა ლუდი, ვინაიდან ჩემი მიტანილი ლუდი დალია და აღარ იყო. ჩვენ ტაბახმელაში მდებარე მაღაზიაში შევიძინეთ სამწვადე და 6 ლიტრი ლუდი, რომლებიც მოთავსებული იყო 3 ცალ 2-ლიტრიან ბოთლში. სახლში დაბრუნების შემდეგ მამაკაცებმა დავიწყეთ მწვადის შეწვა. ასევე, მსურდა ლუდის მიღებაც, მაგრამ აღმოვაჩინეთ, 6 ლიტრი ლუდიდან 4 ლიტრ ლუდს ჰქონდა მჟავე გემო და სავარაუდოდ, ვადა ჰქონდა გასული. რენატამ შალვას მოსთხოვა, წასულიყო მაღაზიაში და გამოეცვალა ლუდი, რაზედაც შალვამ უპასუხა, რომ მას მიღებული ჰქონდა მცირე ოდენობით ალკოჰოლი, ვერ დაჯდებოდა საჭესთან და ვერ წავიდოდა, რაზედაც რენატა გახდა აგრესიული და შალვას დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შალვა მას არ პასუხობდა და ითმენდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რენატა იმდენად აგრესიული გახდა და ითხოვდა, შალვა წასულიყო ლუდის მოსატანად, გოგონებმა რენატას უთხრეს, რომ ისინი წავიდოდნენ ლუდის მოსატანად, მაგრამ რენატა კატეგორიულად ითხოვდა, შალვა წასულიყო ლუდის მოსატანად.

ჩემი მეუღლე, ა.მ. და ა.ვ. მარტო მანქანით წავიდნენ ლუდის მოსატანად და მოიტანეს 3 ლიტრი ლუდი. შემდეგ დავსხედით სახლის პირველ სართულზე სუფრასთან. აქვე განვმარტავ, რომ შალვას საცხოვრებელი სახლი შედგება 3 სართულისგან. სუფრასთან ყოფნისას ღვინოს მიირთმევდნენ შალვა, ნ., ჩემი მეუღლე ა.ვ. და ა.მ. ხოლო რენატა მიირთმევდა ლუდს. მის გარდა ლუდს არავინ სვამდა. ის ლუდს მიირთმევდა ბოთლიდან და სასმისშიც არ ასხამდა. ხოლო მე ალკოჰოლური სასმელი არ მიმიღია.

სუფრაზე ყოფნისას რენატა შალვას მიმართ გამოხატავდა აგრესიას, იყო გაბრაზებული, რატომ მიირთვა ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც ვერ დაჯდა საჭესთან და ვერ მოუტანა ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა მას მოუტანეს ლუდი, ის მაინც აგრესიული იყო შალვას მიმართ. ჩვენ პირველ სართულზე სუფრასთან დავსხედით, ხოლო ბავშვები იმყოფებოდნენ მეორე სართულზე და ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ.

სუფრასთან ყოფნისას რენატა შალვას მიმართ ისევ აგრესიული იყო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სუფრაზე ყოფნისას შალვას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედის მიმართულებით. შალვა რენატას შეურაცხყოფას ითმენდა და არ პასუხობდა. როდესაც შალვა რამეს იტყოდა, თუნდაც ისეთს, რაც რენატას არ ეხებოდა, აგრესიულად პასუხობდა რენატა, ეუბნებოდა, გაჩუმებულიყო და აგინებდა დედის მიმართულებით. ერთ მომენტში რენატამ სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა, ესროდა შალვას. ასევე სურდა მაგიდის ამოტრიალება, რომელთანაც ვისხედით, მაგრამ ა.მ-მ ამის საშუალება არ მისცა. რენატას შეურაცხყოფას შალვა ითმენდა, პასუხს არ სცემდა და მის მიმართ აგრესიასაც არ გამოხატავდა. რენატა იმდენად აგრესიულად იქცეოდა შალვას მიმართ, ჩვენ უხერხული სიტუაცია შეგვექმნა და გამოვთქვით სურვილი, წავსულიყავით შალვას სახლიდან. მაგრამ გოგონებმა გადაწყვიტეს, რენატა იმდენად ნასვამ მდგომარეობაში იყო და იმდენად აგრესიული იყო შალვას მიმართ, რომ წავსულიყავით, შესაძლოა მათ შორის კონფლიქტი მომხდარიყო, ამიტომ გადაწყვიტეს, ცოტა ხნით გავჩერებულიყავით. გოგონები რენატას მიეხმარებოდნენ სუფრის დალაგებაში და იქნებ ცოტა ხანს დაწყნარებულიყო. რენატა ისევ მიირთმევდა ლუდს, ის უკვე იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და შალვას უფრო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შალვა ადგა სუფრიდან, გაერიდა რენატას და ავიდა სახლის მესამე სართულზე, რომელშიც განთავსებული აქვს მუსიკალური აპარატურა. შალვა არის დიჯეი და მესამე სართული გაწყობილი აქვს კლუბურად, ასევე განათებაც აქვს კლუბურად. შესაბამისად, ოთახში არ არის ისეთი ძლიერი განათება, როგორც სხვა ოთახებში.

მესამე სართულზე ავედი მეც და შალვას მივეხმარე მუსიკალური აპარატურის ჩართვაში. შალვას სურდა ჩაერთო მუსიკა, იქნებ რენატას მუსიკით გადაეტანა აგრესია და ჩვენც გავრთობილიყავით. მუსიკის ჩართვისას, მესამე სართულზე ამოვიდნენ რენატა, ჩემი მეუღლე, ა.მ, მისი მეუღლე ნ.ნ და ა.ვ. მათი ამოსვლის შემდეგ სიგარეტის მოსაწევად ჩავედი პირველ სართულზე, სადაც იმყოფებოდა შალვას მეზობელი ნ. დაახლოებით, 5 წუთში მესამე სართულიდან ჩამოვიდა ა.ვ. სურდა ყინული და გვითხრა, რენატას დაზიანებული ჰქონდა თვალი და რომ მესამე სართულზე ერთი ამბავი იყო და დახმარება გვთხოვა. როდესაც ოთახში შევედი, რენატა იწვა იატაკზე. მას აკავებდნენ ჩემი მეუღლე და ა.მ. რენატა იყო ძალიან აგრესიული, ჰქონდა პანიკური შეტევა, ყვიროდა, აგინებდა შალვას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, იწევდა მისი მიმართულებით. ითხოვდა გაეშვათ და მიეცათ შალვასთან მიახლოების უფლება. დავინახე, რომ რენატას მარჯვენა თვალის არეში ჰქონდა დაზიანება. შალვამ მითხრა, რენატამ მაგიდა ამიყირავაო, რომელზეც განთავსებული ჰქონდა მუსიკალური აპარატურა. რენატას ჰქონდა პანიკური შეტევა, იყო ძალიან აგრესიული, სურდა მიეღო თვითდაზიანება. დავინახე, რამდენჯერმე თავი მიარტყა კედელს, მიუხედავად იმისა, რომ მის შეჩერებას ცდილობდნენ, ვერ ახერხებდნენ. რენატამ შეძლო თავის გათავისუფლება, მივიდა ოთახში არსებულ ბართან, ბარიდან აიღო დანა, ამ დროს შალვა გასული იყო ოთახიდან და კიბით ჩადიოდა დაბლა სართულზე. რენატა დაედევნა შალვას, რენატას დაედევნენ ა.მ და მისი მეუღლე ნ.ნ. მე გავედი ოთახიდან, რა დროსაც დავინახე, მესამე და მეორე სართულს შორის კიბეზე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, ხოლო რენატას მარჯვენა ხელი, რომელშიც დანა ეჭირა, დაჭერილი ჰქონდა ა.მ-ს და მის მეუღლეს ნ.ნ-ს. რენატას არ აძლევდნენ საშუალებას, შალვასთვის დანით დაზიანება მიეყენებინათ. რენატა ცდილობდა დაზიანება მიეყენებინა დანით, ეძახდა, რომ მოკლავდა. როდესაც შალვას ემუქრებოდა მოკვლით, შალვამ მას ჰკითხა, თუ რის გამო კლავდა. შალვამ შეძლო რენატასგან თავის დაღწევა, ხოლო რენატა შეაჩერეს ა.მ-მ და მისმა მეუღლემ ნ.ნ-მ. შალვა როდესაც შემობრუნდა რენატას მიმართულებით, მაშინ დაინახა მისი დაზიანებული თვალი, გაუკვირდა და ჰკითხა, რა გჭირსო. შემდეგ შალვა ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა ეზოში და გაერიდა რენატას. რენატა მეორე სართულზე ჩავიდა, ოთახში თავიდან მე არ შევსულვარ. როგორც მახსოვს, მასთან ერთად შევიდნენ გოგონები. იმ ოთახიდან გავიგონე მტვრევის ხმა, რის შემდეგაც შევედი ოთახში და დავინახე, დამტვრეული ჰქონდა ოთახში არსებული დიდი ზომის სარკე, ასევე ამტვრევდა, თუ რამე ნივთი იყო ოთახში. ჩვენ ყველანი ვცდილობდით რენატას შებოჭვასა და შეჩერებას. იყო მომენტი, ყვირილითაც კი ვთხოვდით, გაჩერებულიყო და დაწყნარებულიყო. იგი იმდენად აგრესიული იყო, გამიჩნდა შიში, ჩვენთვისაც არ მოეყენებინა რაიმე სახის დაზიანება. აღნიშნული ფაქტი, დაახლოებით, 15 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც, შალვა იყო ხან სახლის ეზოში, ხან სახლში პირველ სართულზე. ის ერიდებოდა რენატას და არ ამოსულა მეორე სართულზე. ვინაიდან რენატას დაწყნარებას ვერ ვახერხებდით, შალვას მეზობელმა რენატას უთხრა, რომ დარეკა პოლიციაში და მოვიდოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც რენატა დაწყნარდა და შევძელით მისი სახლიდან გამოყვანა“, - აცხადებს მოწმე ჩვენებაში.

მოწმის ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი მეგობრებმა ავტომანქანაში მათ შვილებთან ერთად ჩაისვეს.

მოწმის ჩვენების მიხედვით, სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში რენატა ბეგიაშვილმა მიმავალი ავტომანქანიდან გადახტომა სცადა, ვინაიდან სახლში ლუდი დარჩა. მას ლუდი მიუტანეს, რომელსაც მოწმის ჩვენების მიხედვით, გზაში მიირთმევდა.

ამავე ჩვენების მიხედვით, რენატამ მეგობარს პოლიციაში მიყვანა სთხოვა, თუმცა უთხრა, რომ ჯერ მამის სახლში მიეყვანა.

აღნიშნულის შემდეგ მოწმე და მისი მეუღლე სახლში ტაქსით წავიდნენ.

„როგორც მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, შალვას საცხოვრებელ სახლში მესამე სართულზე ყოფნისას, როდესაც მე სიგარეტის მოსაწევად პირველ სართულზე ვიმყოფებოდი, რენატას შალვას დახრჩობა უცდია ჯაჭვით. შალვას მოუხერხებია მისი მოშორება, რა დროსაც რენატა დაბლა დაცემულა და დაბლა დაცემული ურტყამდა შალვას ფეხებს. შალვას დაუჭერია რენატას ფეხი, რა დროსაც მას გასძრობია ჩექმა და შალვას დარჩა ხელში, რომელიც რენატას მიმართულებით ისროლა და უთქვამს, თავი დამანებეო. შალვას ნასროლი ჩექმა რენატას მოხვედრია მარჯვენა თვალის არეში და მიუღია დაზიანება. როგორც ჩემთვის ცნობილია, შალვას არ ჰქონია განზრახვა, რენატასთვის დაზიანება მიეყენებინა, რადგან შალვა ცდილობდა არ აჰყოლოდა რენატას, ითმენდა მის შეურაცხყოფას და გინებებს. შალვას რომ სდომებოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, აღნიშნულის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა რენატას გარიდებოდა და ითმენდა მის შეურაცხყოფებს...”- განაცხადა მოწმემ.

მოწმის ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი ალკოჰოლს ყოველდღიურად იღებს, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაბამის კლინიკაშიც მკურნალობდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მან და მისმა მეუღლემ პოლიციაში არ დარეკეს, რადგან შალვა იაშვილის მეზობელმა თქვა, რომ მას ჰქონდა დარეკილი და ასევე რენატა ბეგიაშვილმაც უთხრა, რომ თვითონ აპირებდა პოლიციისთვის მიმართვას.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.

საქმის პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

სასამართლომ შალვა იაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.