„გვამი ჭაში ჩააგდეს და ქვები დააყარეს“ - ვინ არიან ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულები

mkvleloba

რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.

ადგილობრივები "კურიერი P.S."-ს უდასტურებენ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასევე რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმას - გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს. დადგინდა, რომ მოკლულს ბოლო კონტაქტი სწორედ მათთან ჰქონდა. მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს.

"რუსთავი 2-მა" ექსკლუზიურად გადაიღო შემზარავი მკვლელობის ადგილი. აქ ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ადვილად შესამჩნევია. სამართალდამცველებმა სახლიდან არაერთი მტკიცებულება ამოიღეს. დადგინდა ისიც, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სიძე-ცოლისძმამ დანაშაულის სამხილები სახლის ეზოშივე გაანადგურეს. მეზობლები ყვებიან, რომ დანაშაულის შემდეგ ამ სახლის მეპატრონე, გიორგი სუხიაშვილი, რუსთავიდან ველისციხეში ხშირად ჩადიოდა, თუმცა მხოლოდ ღამის საათებში.

მკვლელობის შემდეგ გიორგი სუხიაშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა გვამი ნაჭერში გაახვიეს, ავტომობილის საბარგულში ჩადეს და დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, ვენახების მიმართულებით წავიდნენ. მათ მოკლული მამაკაცის ცხედარი სარწყავ არხთან მდებარე ჭაში ჩააგდეს და ზევიდან დიდი რაოდენობით ქვები დააყარეს.

კარგად დაგეგმილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებულმა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებშიც და კვალის არევასაც ცდილობდნენ.

"კურიერი P.S."-მა გაარკვია, რომ მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, ბრალდებულებმა ემიგრაციაში მყოფ მოკლულის დედას შვილის Facebook-ით მიწერეს, რომ თითქოს ის მონასტერში წავიდა და გარკვეული დროით კონტაქტი აღარ ექნებოდა. იგივე შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოკლულის მეგობრებმაც.

უშანგი ბერძენიშვილის სახლში "კურიერი P.S."-თან საუბარი არ ისურვეს. მეზობლები ადასტურებენ, რომ ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გიორგი სუხიაშვილის ახლობლები კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგეს.

ოთხი თვის შემდეგ ნაპოვნი ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ის რამდენიმე საათში დაკრძალეს. დედამ ერთადერთ შვილთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო.

გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. "კურიერი P.S." თაკო მირზაშვილს ისრაელში დაუკავშირდა.

"მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!" - განუცხადა "კურიერი P.S."-ს მოკლულის დედამ.

თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებმა ადვოკატებს მედიასთან საუბარი აუკრძალეს, თუმცა "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მათ სასტიკი დანაშაული უკვე აღიარეს.