გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს. 

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.