1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის საშუალებით მოხდა.
მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან...“, - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
„14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამ პროცესში, ისევე როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა. ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით შემოგთავაზებთ საქმის ვრცელ სამართლებრივ შეფასებას.ჩვენი ორგანიზაცია ულოცავს დეკანოზ და მისი ოჯახის წევრებს ამ გადაწყვეტილებას. აშკარაა, რომ გართულებული მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეკანოზს სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდება“,- ნათქვამია განცხადებაში.