პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თაღლითური სქემა კლუბებში - კლუბ "ავტოგრაფში" ტურისტებს ალკოჰოლურ სასმელსა და საკვებში არარეალურ თანხებს სძალავდნენ. კლუბი, სადაც ტურისტებს ალკოჰოლურ სასმელსა და საკვებში არარეალურ თანხებს სძალავდნენ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე "ავტოგრაფია." ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ მოითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ბარის თანამშრომლები, შამპანურში ათჯერ მეტი თანხის - 800 ლარის გადახდას. ოპერატიული მასალის მიხედვით, თაღლითურ სქემაში ჩართული ბარის თანამშრომლები ტურისტებს ძვირადღირებული შეკვეთების აღებასაც აიძულებდნენ.
გამოძიებით ირკვევა, რომ თაღლითობის პოტენციური მსხვერპლი ტურისტები ბარში, წინასწარი შეთანხმებით, სქემაში ჩართულ ტაქსის მძღოლებს მიჰყავდათ.
კლუბი, სადაც დანაშაული ხდებოდა, მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ დაილუქა. დაკავებულია დაწესებულების ორი მფლობელი და ბარმენი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ისინი იდგნენ თაღლითური სქემის სათავეში, რომელსაც ათობით დაზარალებული ტურისტი ჰყავს. ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ დაწესებულება წლებია, საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს და აქ პოლიცია არაერთხელ უნახავთ.
ღამის კლუბის გარდა, სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა.
დაკავებულები არიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც თაღლითურ სქემაში იყვნენ ჩართულები. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თაღლითობის პოტენციურ მსხვერპლ ტურისტებს ეძებდნენ და კლუბ "ავტოგრაფში" მიჰყავდათ.
"კურიერის" ინფორმაციით, ტურისტების ზარალი ათობით ათასი ლარია, რომელსაც თაღლითური სქემის მონაწილეები ითვისებდნენ. დაკავებული 8 პირიდან სამი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ხვალ გააცნობენ. ჯერ უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.