თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
31 წლის ნინო ყიფშიძე 2018 წლის 22 დეკემბერს ახალციხეში ნაქირავებ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავალი დაზიანება ჰქონდა. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ოჯახი პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ ქალი სასტიკად ნაწამები იყო.
“ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის ოჯახში გადასვენების შემდეგ გარდაცვლილის სხეულზე ნინო ყიფშიძის მამამ ჰემატომები და დაზიანებები საკუთარი თვალით ნახა.
ყიფშიძეების ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ორ თვეზე მეტი ელოდა.
“ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ღებინების შედეგად გამოწვეული ასფიქსია გახდა, მაგრამ გვამს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით გამოწვეული დაზიანებებიც აღენიშნება.
არის მეორე საეჭვო გარემოებაც: ადვოკატის თქმით, დაკარგულია ნინო ყიფშიძის მობილური ტელეფონი და დაკითხულია მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ნინო ყიფშიძესთან ერთად ბოლოს მყოფმა პირმა ი.გ.-მ თქვა, რომ მან აიღო ნინოს ტელეფონი და სად წაიღო, აღარ ახსოვდა.” – ამბობს ადვოკატი.
ყიფშიძის ოჯახის ადვოკატმა საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
“ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა გამოძიების მიმართ, რომ ის ამ კუთხით უნდა წარიმართოს. ტელეფონი გააქრო, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტელეფონში ისეთი, რაც არ აწყობდა?” – სვამს კითხვას ადვოკატი.
ყიფშიძის დედას საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ოჯახის ინფორმაციით, სიკვდილის მომენტში ნინო ყიფშიძე სახლში მარტო არ იყო და მასთან ერთად მეგობარი მამაკაცი იმყოფებოდა. ი. გ. პოლიციამ უკვე გამოკითხა. თუმცა, მას შემდეგ ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარდა.
“თვითმკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა, უამრავი დაზიანებები აქვს ხელზე, ფეხზე, მკერდზე, მკლავებზე, კისერზე. სულ დაშავებულია, ნაცემია ასი პროცენტით, სხვა ეჭვი არ არსებობს, მოკლულია. ვინც მაგასთან ერთად იყო, ის გააკეთებდა”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა ვახტანგ ყიფშიძე.
“დღის 4 საათზე გავაცილე და ღამის 4 საათზე მამამ გარდაცვლილი მოიყვანა”, – ამბობს ნინო ყიფშიძის დედა, მაია ყიფშიძე.
“ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო, არაფერი სჭირდა. მე, როგორც დედა, ვეძებ სიმართლეს, იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს”.
ნინო ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, რომ ქალი დეპრესიული არასოდეს ყოფილა.
“13 წელი ერთად ვცხოვრობდით, არაფერი მცდელობა არ ჰქონია. მით უმეტეს, სამ შვილს ზრდიდა და პატრონობდა. არანაირად არ არის თვითმკვლელობა. არაფერი ჰქონია ისეთი, რომ თავი მოეკლა”, – ამბობს ნოდარ ჭილაძე, ნინო ყიფშიძის ყოფილი მეუღლე.
ნინო ყიფშიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ის ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა.
იმის გამო, რომ სოფლიდან სამსახურში მისასვლელად დიდი დრო სჭირდებოდა, პერიოდულად ღამეს ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ათევდა. რესტორანში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ქალი დეპრესიული არასოდეს ყოფილა.
სახლის მესაკუთრე, სადაც ნინო ყიფშიძე ცხოვრობდა, იხსენებს, რომ იმ ღამეს ქალს სტუმარი ჰყავდა.
ი. გ.-მ საშველად სახლის პატრონს დაუძახა. ოთახში შესულებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მეპატრონე ამბობს, რომ ი.გ.-მ, რომელიც ქალის თანასოფლელი და დიდი ხნის ნაცნობი იყო, სასწრაფოს ექიმებს უთხრა, რომ გარდაცვლილს არ იცნობდა.
“აქ რომ შემოვედით, სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ეტყობა სვამდნენ. ქალი საწოლზე იყო, შიშველი”, – ამბობს სახლის მეპატრონე.