„გაოგნებული იყო...“ - რას ამბობს ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მკვლელობა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გელა უძილაურის ადვოკატი მარიამ ტაბატაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

მისივე თქმით, ბრალდებულს დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდება.

„გუშინ შევხვდი, ვიდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ. კომუნიკაცია გვქონდა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. უარი არაფერზე განუცხადებია, მონაწილეობა მიიღო ყველაფერში, ჩვენებაც მისცა და ამ დროისათვის იყენებს მისთვის კანონიერად მინიჭებულ დუმილის უფლებას, ჩვენების ფარგლებში დუმილის უფლება დააფიქსირა.

გაოგნებული იყო. დღეს უნდა შევხვდე პირისპირ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ზოგადად, მოცემულობით გაოგნებული იყო. ჩემთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. ველოდები მასალების გადმოცემას“, – განაცხადა მარიამ ტაბატაძემ.

ადვოკატის განცხადებით, გელა უძილაურს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, 15:00 საათზე დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგენენ. მისივე თქმით, შესაძლოა, საქმეზე სასამართლო პროცესი დღესვე ჩატარდეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა 14 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.