განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. 

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ვაშაკიძე ადგილზევე დააკავეს. რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელს, გიგი ოთიაშვილს და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ორივე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.