1751744974
„გახურებული შამფური დაადეს ხელზე...“ - ნარკოტიკების შემოტანისთვის დაკავებულმა ბრიტანელმა სტუდენტმა დუმილი დაარღვია

ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა.
ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
როგორ აღმოჩნდა საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულის ჩემოდანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი? დაკავებულის ოჯახს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გაირკვა ისიც, რომ მშობლები ქალიშვილს 2 კვირაა ეძებდნენ, იმყოფებოდნენ ტაილანდშიც, თუმცა იქ გაიგეს, რომ მათი შვილი დაკავებული იყო, თანაც ტაილანდიდან ძალიან შორს.
ვილიამ კალიმ მხოლოდ ის თქვა, რომ ქალიშვილის უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობაზე არაფერი იცის.
მამა შვილს ჯერ ტაილანდში ეძებდა, შემდეგ კი გაიგო, რომ გოგონა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკით სავსე ჩემოდნით დააკავეს.
მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ პატიმრობა, 50 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა, 1-ელ ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, ბელა მეი ქალი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების თანახმად, აეროპორტში, ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.
ბელა მეი ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ამბობს, რომ დანაშაული „უნებურად ჩაიდინა“.
„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას.
მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს. იქნებ ისიც მიიღოთ მხედველობაში, რომ ჩატარებული მაქვს ნარკო-ტექსტი და ჩემს ორგანიზმში არაფერი აღმოჩენილა. ყოველთვის ვასახელებდი ჩემს ოჯახს, მადლობას გიხდით, რომ დამითმეთ დრო“.
ბელა მეი ქალი 18 კვირის ორსულია. სასამართლოს სხდომაზე მან რამდენჯერმე იტირა.
ბელა მეი ქალის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია, ჩვენების ოქმსა და საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.
„შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“, - 19 წლის ქალი მოსამართლეს აჩვენებს ხელს, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, შიდა მხარეს, ეტყობა მოწითალო ნაიარევი, რომელიც ჰგავს დამწვრობისგან მიყენებულ იარას.
პირველ ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ძირითად საქმეს გამოეყო კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც საფუძვლად დაედო ბელა მეი ქალის მონათხრობი წამების შესახებ.
„როგორ ჩატარდება გამოძიება, იქნება თუ არა ეს სახელმწიფოთაშორისი გამოძიება, რა ტიპის თანამშრომლობა შედგება ამ საქმის გამოძიებაზე, ამაზე ალბათ თავად იტყვის გამოძიება.
ბელამ დასაბუთებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მასალა მიაწოდა გამოძიებას, რაც საფუძვლად დაედო საქმის ცალკე გამოყოფას. ეს ფაქტები გამორიცხავს ბელას მიერ ბრალად შერაცხილი ქმედების არსებობას. ბელა არის უდანაშაულო. მისი ცრემლი და სიტყვა სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ის უდანაშაულოა“, - ამბობს მალხაზ სალაყაია.