1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი სრულდება.
2020 წლის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17 საათზე სოფელ ბისოს მიმდებარედ, შატილიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომანქანა 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი სამი კი მძიმედ დაშავდა.
შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს ტურისტული კომპანიის, “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი. ასევე დაკავებულია ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის მფლობელი გ.გ.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა საპატიმროში მყოფი შალვა ბოლოთაშვილი.
ბოლოთაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ციხეში უსამართლოდ იხდის სასჯელს.
„დეკემბრის 10-ში სრულდება 3 წელი, რაც ციხეში ვარ.
მე თანამოზიარე ვარ, ჩემი ცხოვრება მათთან დაკავშირებულია, მესამე წელი ციხეში ამაზე მაფიქრებს, ჩვენ ყველა ერთად ვგლოვობთ იმ ადამიანებს.
ჩემთან იყო შემოსული ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი. დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით. გულისტკივილი გავუზიარეთ ერთმანეთს...“, - გვითხრა შალვა ბოლოთაშვილმა.
რა ეტაპზეა ახლა საქმის მიმდინარეობა სააპელაციო სასამართლოში ამ კითხვით ბოლოთაშვილის ადვოკატს შამშე მჟავანაძეს მივმართეთ.
„პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა შალვა ბოლოთაშვილი. გადააკვალიფიცირა მუხლი გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის მისცა სამი წელი. 277-ე მუხლით, რომელსაც პროკურატურა ედავებოდა ამ მუხლში გაამართლა სასამართლომ.
კომპანიას ორი დირექტორი ჰყავდა, ერთი დაიჭირეს სადირექტორო უფლებამოსილებების გამო, მეორე არც გამოკითხეს.
ეს გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ასევე ბრალდების მხარემ.
ახლა მიმდინარეობს სააპელაციოში საქმის განხილვა. ახლა უკვე დასკვნით სიტყვაზე ვართ მხარეები და მალე გახდება ცნობილი სააპელაციოს გადაწყვეტილება“, - ამბობს ადვოკატი შამშე მჟავანაძე.