ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკა ბასილაშვილი

ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, მისთვის რთული მოსასმენია ის ჩვენება, რასაც მისი ყოფილი სიდედრი სასამართლოში აძლევს.

„ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ",- განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

მოსამართლემ ბასილაშვილს ჩვენების მოსმენისკენ მოუწოდა.

„ძალიან რთულია ამის მოსმენა, ჩემი უფლებები არ გამაჩნია, როგორც ადამიანს? რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ“,- განაცხადა ბასილაშვილმა მოსამართლის საპასუხოდ.

მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ ჩოგბურთელს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩვენებისთვის უნდა მოესმინა.

„თქვენი უფლება რაა? გავაჩერო მოწმე და აღარ მივაცემინო ჩვენება? რას ეძახით უფლებას? უნდა მოუსმინოთ ბატონო ნიკოლოზ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით“,- განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ერთვება.

ცნობისთვის,ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მისი ყოფილი სიდედრი, მაკა სიმონიშვილი ჩვენებას აძლევს. ის ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მისამართით განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს.