პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ. ისინი უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავენ. მიზეზი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად დაიწყებენ სასამართლო დავას, რადგან ეს მალქოლმ ჰოქის სარჩელი აბსურდულია და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ზვიად კორძაძე ამ საქმეს პიარულ სვლას უწოდებს.
„ამ საქმეს იურიდიული საფუძველი არ აქვს, უფრო პიარული სვლაა, რადგან რაც ვნახეთ, იმდენად აბსურდული სარჩელია“, - აღნიშნა კორძაძემ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს.
„თიბისი ბანკის“ ქართველი აქციონერების მხრიდან საპასუხო სარჩელის შეტანას იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ეხმაურება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარეს აქვს სადავო პოზიცია, მაშინ მათ აუცილებლად უნდა დაიცვან საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება კორძაძის განცხადებას, რომ ეს საქმე პიარული სვლაა, ტორაძე გაუგებარ პოზიციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთ ფორმას იმიტომ მიმართავენ, რომ მათ არ აქვთ საკუთარი ტელევიზია და ონლაინმედია, შესაბამისად რომ არ მოხდეს მათი „დაჩაგვრა“.
„აპირებს კი არა, უნდა შემოიტანოს შესაგებელი იმიტომ, რომ მათ აქვთ კანონით დადგენილი ვადა და იმ ვადაში შესაგებლის შემოუტანლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ლეგალური ინტერესი და სადავო პოზიციები, ეს აუცილებლობაა მათი მხრიდან. ჩვენ გვაინტერესებს მათი პოზიცია. მარტივად გეტყვით, ჩვენს სასარჩელო განცხადებაში არაფერი არ წერია ახალი, რაც ამ მხარეებისთვის არ იყო 3 თვით ადრე ცნობილი. მე რომ „თიბისი ბანკს“ მივმართე წერილით, აბსოლუტურად ყველაფერი ეწერა იქ. „თიბისი ბანკს“ მივმართე და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ბანკში ჩვენი მიტანილი წერილის შინაარსი მათთვის ცნობილი იქნებოდა. შესაბამისად, 90 დღის წინ რაც იყო ცნობილი, ჩვენ რომ 96-ე დღეს სასამართლოს მივმართეთ, რამე მოულოდნელობა არ მომხდარა.
რაც შეეხება მათი მხრიდან განცხადებებს, რომ ეს პიარული სვლაა და რაღაც გაუგებარი პოზიციები, მხოლოდ ეს იყო მათი პოზიცია, მათი სამართლებრივი პოზიცია ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, შესაგებელს ველოდებით. პიარის ნაწილს ჩვენ იმიტომ ვიყენებთ და საზოგადოებასთან ურთიერთობას იმიტომ ვცდილობთ, რომ მე და ჩემი მარწმუნებელი საქართველოში არ ვფლობთ 70 ონლაინმედიიდან 40-ს და არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ტელევიზია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოხდეს საინფორმაციო სივრცეში ჩვენი უსაფუძვლო დაჩაგვრა. თორემ პიარული რომ არ იყო და სუფთა სამართლებრივი სარჩელი იყო, ეს ძალიან მარტივად ჩანს. ჩანს ისიც, რომ მოწინააღმდეგე მხრიდან იყო თაღლითობის კლასიკური მაგალითი. საუბარია 25 მილიონ დოლარზე. ეს პატარა თანხა ხომ არ არის? - განაცხადა ტორაძემ.
ცნობისთვის, ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირების, ავთანდილ წერეთლის და კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M”-ის მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, 50 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ხოლო სასარჩელო უზრუნველყოფა მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მოპასუხეები საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ზარალის ანაზღაურებას ვერ გაექცევიან.