დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ლადო ხელაძე დაინიშნა

ლადო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ლადო ხელაძე უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლადო ხელაძის დანიშვნის შესახებ ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

„ლადო ხელაძე სააგენტოს უფროსის მოვალეობას 2022 წლის მარტიდან ასრულებდა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის დაკისრებამდე, ლადო ხელაძე ამავე უწყებაში მოადგილის პოსტს იკავებდა. სააგენტოს ჩამოყალიბებამდე, ლადო ხელაძის საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს უკავშირდება, სადაც ის 2014 წლიდან, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

ლადო ხელაძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა პერიოდში იყო იურიდიული საკითხების მიმართულებით მრჩეველი კერძო კომპანიებში. მისი შრომითი საქმიანობა, ასევე, უკავშირდება მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოსაც. წლების განმავლობაში, ლადო ხელაძე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სოხუმის საქალაქო სასამართლოსა და აფხაზეთის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში. ლადო ხელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს კავკასიის აკადემიური ცენტრის იურიდიული ფაკულტეტი და ფლობს იურისტის მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს, ასევე, არის Chicago-Kent School of American Law-ის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით და მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. არის ავტორი რამდენიმე პუბლიკაციის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.