დააკავეს პირი, რომელმაც სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი თაღლითურად დაირეგისტრირა

მითვისება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში რიცხული, სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარზე მეტი ღირებულების 991 მ2 მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა, თითქოს ქალაქ ბაქოში, ნოტარიუსის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე.

მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.