პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად უდებს შს სამინისტროს თანამშრომლის სერგო შუბითიძის ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან.
„29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრი წყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო.
2020 წლის 22 ივლისს, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.
საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა.
დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუკ და ინსტაგრამ ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია.
გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები.
სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2020 წლის 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრი წყაროში გარდაცვლილი იპოვეს