ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და საერთოდ, არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი - მკვლელობის იარაღი ამოღებული არ არის“ - ამის შესახებ ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, გელა უძილაური, რომელმაც 14-ჯერ ესროლა ლევან ჯანგველაძეს, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, შესაბამისად ოჯახს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ აქვთ გამოძიებასთან.
მისივე თქმით, დაზარალებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ასი პროცენტით დგინდება დანაშაულის ჩამდენის ვინაობა, რადგანაც მას სახე დაფარული არ ჰქონდა.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუ ვინ შეუკვეთა მკვლელობა და საერთოდ, არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი. ასევე, ვინ არის ის პირი ან ვინ არიან ის პირები, ვინც ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული მკვლელობის ჩადენაში, ვინც ეხმარებოდა პასუხისგებაში მიცემულ პიროვნებას, გელა უძილაურს ამ დანაშაულის ჩადენაში. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის შეკვეთის საკითხი. საქმეში უკვე არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება, მაგრამ ეს მტკიცებულებები მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ ვინ განახორციელა უშუალოდ დანაშაული. ის, თუ კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ეხმარებოდა მას და ვინ არის ის ადამიანი, ვინც მკვლელობა შეუკვეთა, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მისი თქმით, გელა უძილაური ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციას, თუ როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში ლევან ჯანგველაძე, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში და როდის უნდა მისულიყო ჭავჭავაძის ქუჩაზე, შესაბამისად, „უძილაური ყველა ამ ნაბიჯთან მიმართებით მომზადებული იყო“. ადვოკატის განმარტებით, გადაღებული არ არის გელა უძილაურის დაკავების კადრები. კაკაბაძის თქმით, როდესაც უძილაური ვერეს ხეობაში ჩადის, სავარაუდოდ ვიღაცის დადებულ იარაღს და ნივთებს იღებს, ამიტომ აქედანაც ჩანს, რომ ამ ყველაფრის დაგეგმვაში უძილაურს ვიღაც დაეხმარა.
„ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გელა უძილაურს თავისით ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, მათ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა თუ კონფლიქტი, არამედ არასდროს არანაირი ურთიერთობა, არანაირი გადაკვეთა ლევან ჯანგველაძეს და გელა უძილაურს შორის არ ყოფილა. შესაბამისად, შეუძლებელი და წარმოუდგენელია პირადი მოტივით ჩაედინა აღნიშნული დანაშაული გელა უძილაურს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გამოძიებამ დაადგინოს პეტეფის ქუჩაზე, სადაც უძილაური ტაქსიში ჩაჯდა და შემდეგ ქარელში წავიდა, ვინ არის პირი, ვინც ეს ტაქსი გამოიძახა.
„ეს მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. სრულიად შესაძლებელია, რომ პირი, ვინც ეს გააკეთა ხელს უწყობდეს გელა უძილაურს მიმალვაში, მტკიცებულებების განადგურებაში. მოგახსენებთ, რომ მკვლელობის იარაღი ამოღებული არ არის. ასევე არ არის ამოღებული ტელეფონი, რომელსაც იმ დღეს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის დროსაც იყენებდა გელა უძილაური. ვიდეოკამერებში აშკარად ჩანს, რომ კონკრეტულ ქმედებებს სხვა პირებს უთანხმებს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.