არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი პატიმრობის გასაჩივრებას აპირებს

პოლიცია

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს, მისი დაცვის მხარე კი გორის სასამართლოს გადაწყვეტილების - აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას აპირებს

"შეეფარდა პატიმრობა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, ცალკე უნდა გამოიყოს საქმე დაზარალებულის მამის მიმართ, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არ ცნობს დამნაშავედ. არ ვიცით, ბავშვმა რატომ გადაწყვიტა ასეთი ფაქტის გამხელა," - აცხადებს დაკავებული პირის ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით კი საქმეში ბავშვის ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც დევს.

"რა თქმა უნდა, არის მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება," - აცხადებს ბრალდების მხარე.

შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს 11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას რამდენიმე დღის წინ გაუმხილა, ქალმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მამაკაცი მალევე დააკავეს.