„არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა... რომ გავიგე რაც მოხდა...“- რა თქვა პროცესზე ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა

მკვლელობა

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალი ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს.

მარიამ ესტაფაშვილმა გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა.  მისი თქმით, როდესაც მძიმე ამბავი შეიტყო, ეკლესია-მონასტრები შემოიარა და შენდობა ითხოვა.  

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენამდე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მსაჯულებს უთხრა, რომ 33 წლის ლევან გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა. 70 წელს გადაცილებული ქალი ამბობს, რომ მაშინ საკუთარი შვილი გარდაცვლილი ეგონა.

„არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი...“, - განაცხადა მარიამ ესტაფაშვილმა. 

ცნობისთვის, რომ სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. ბრალდებულს 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გვიმრაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.