აქციაზე დაკავებულ ირაკლი წულაიას სასამართლომ 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

წულაია

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, სხდომაზე სულ ორი პირის საქმე განიხილეს და ორივე მათგანს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. მსგავსი ბრალდებით გუშინ ღამე 34 ადამიანი დააკავეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ხუთი მონაწილე სისხლის სამართლის დანაშაულზეა დაკავებული, რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ ყველა პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

აქციაზე დაკავებული პირის, ირაკლი წულაიას თქმით, ის 3000 ლარით დააჯარიმეს.

“ადმინისტრაციული სახდელი შემიფარდეს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა ორი წუთის მისული ვიყავი იქ და საერთოდ არ გამიგია პოლიციის დაძახილი. მოხდა ჩემი 3000 ლარით დაჯარიმება“, - განაცხადა ირაკლი წულაიას.

ირაკლი წულაიას უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, საქმეში არ დევს პირდაპირი მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს.

“ეს ჯარიმა არის იმდენად მაღალი, რომ მის ოჯახს ჩააყენებს გამოუვალ მდგომარეობაში. ირაკლი დიასამიძის მიმართ, რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ის ჩადიოდა კონკრეტული სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არ იყო. იყო მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.