პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანში გადაასვენეს. ახლობლების განმარტებით, გვამის ამოცნობა შეუძლებელი იყო და დედამ შვილი ჯვრითა და ნივთებით ამოიცნო. ბიჭის ცხედარი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე ტყესთან, სტადიონის გვერდით 8 დღის განმავლობაში დამარხული იყო, მკვლელმა კი საზღვარგარეთ წასვლა მოასწრო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"მე გახლავართ 2023 წლის 18 მაისს ბათუმთან მდებარე სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ადვოკატი.
ალბათ, გახსოვთ ეს მკვლელობა. მაშინ ყველა შეგვძრა მომხდარმა: ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ, გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში. იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს.
დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს - მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის სწორედ მისმა შვილმა ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, რომ თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო... მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით, პოლიციამ ლეღვანის ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს.
საქმის 7-ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს: გიორგი ალხანიშვილის საქმეში სიმართლის დადგენისთვის დამიდექით მხარში. გიორგი ჩემზე სულ რამდენიმე წლით იყო უმცროსი, ჩვენ ერთი თაობა ვართ. ჩვენივე ტოლები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც გიორგი ასე გაწირეს. მე პირობა მივეცი გიორგის დედას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად.
სასამართლო პროცესები დაიწყო. მორიგი პროცესი იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მედიას შეუძლია სასამართლო დარბაზიდან გარეთ გამოიტანოს ყველა ფაქტი, ყველა ადამიანის სახე, სიმართლე, სინამდვილე" - წერს ადვოკატი.