50-მდე დაზარალებული და მითვისებული ნახევარი მილიონი - ვის რა კავშირი აქვს თაღლითურ სქემასთან

პოლიცია

თაღლითობის საქმის დეტალები შპს "დემეს" მფლობელ 35 წლის თეონა ძიძიგურზე ძებნა გამოცხადდა. თაღლითობაში ბრალდებულმა 50-მდე დამკვეთი მოატყუა, ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, მათგან წინასწარ ჩარიცხული ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა და ქვეყნიდან გაიქცა.

თაღლითობის მსხვერპლი, ათობით ადამიანთან ერთად, ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავაც გახდა. მან კომპანიას დაახლოებით 40-ათასლარიანი შეკვეთა მისცა და 10 ათასი წინასწარ ჩაურიცხა, ისე, რომ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. დაზარალებულის ინფორმაციით, თაღლითობაში მხილებული ქალი მისი ყოფილი პაციენტი იყო და ნდობაც ამ მოტივით გამოუცხადა.

"ერთ თეთრს არ შევირჩენ, ერთი წუთი არ იჯავროთ" - ეს მიმალვაში მყოფი თეონა ძიძუგურის ერთ-ერთი ბოლო შეტყობინებაა, რომელიც დაზარალებულ ექიმს რამდენიმე კვირის წინ გამოუგზავნა. გაქცეულმა ქალმა მსგავსი მესიჯები სხვა დაზარალებულებსაც მისწერა, თუმცა არცერთი მათგანისთვის ზარალი არ აუნაზღაურებია.

თაღლითური კომპანიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა თეონა ძიძიგურს ავეჯისთვის წლების განმავლობაში ნაგროვები 28 500 ლარი ჩაურიცხა. გაფორმდა ხელშეკრულებაც, თუმცა კედლები, სადაც ახლა შეკვეთილი ავეჯი უნდა იყოს, აქაც ცარიელია.

კომპანია "დემე" ავეჯის ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. პირველ ეტაპზე, შეკვეთებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური გზით, მომხმარებლის თანხების მითვისება 2021 წელს დაიწყო.

თეონა ძიძიგურს საწარმოსთვის ფართი, სადაც ავეჯი მზადდებოდა, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები. პირველ ეტაპზე, მომხმარებლის ნდობაც მოიპოვა და პარტნიორებიც.

საწარმოში ახლა სხვა კომპანია დაგვხვდა. დაგვხვდა ინფორმაციაც, რომ შემკვეთების გარდა, ბრალდებულმა ქალმა პარტნიორებისა და თანამშრომლების თანხებიც მიითვისა.

თაღლითობაში ბრალდებულის ყოფილ პარტნიორსა და ყოფილ თანამშრომლებს ჯერ გამოძიებისთვის არ მიუმართავთ. მათი ინფორმაციით, თეონა ძიძიგური თავს თურქეთს აფარებს. დაწყებულია ძებნის ღონისძიება. რა პოზიცია აქვს ბრალდებულს - ჩვენ მის ორ ადვოკატს დავუკავშირდით, კომენტარზე ორივე მათგანმა უარი გვითხრა.

თაღლითობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე გამოძიების დროს ბრალი დამძიმდეს და ზარალი გაიზარდოს.

გამოძიება ეძებს თეონა ძიძიგურის შესაძლო მოკავშირეებსაც. იკვლევს მის ქონებასაც, რომელიც, შესაძლოა, დაყადაღდეს. დანაშაულში ბრალდებულ 35 წლის ქალს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვისთვის იქნება 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებით იღბლიანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

გაფრთხილება! თბილისში ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ქოლცენტრების საქმეზე, გამოძიება 20-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს - ვის კვალზე გავა საერთაშორისო გამოძიება