უკრაინის სოლიდარობის აქცია ზუგდიდში გაიმართა

ზუგდიდი

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიების,სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.

მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე“, „ჩვენ არ გვინდა ომი,“ „ მშვიდობა უკრაინას“.

აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ უფრო მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს და არ დაუშვან ის შეცდომები, რაც მათი თქმით 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში იყო.

აქციაზე გამოტანილი ქონდათ უკრაინის დროშები და შესრულდა უკრაინის ჰიმნი.

"დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ აღნიშნა, რომ აქცია ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა ისინი, დღეს შეკრებილიყვნენ.

"აქედანაც მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას,რომ ეს დღეები თუნდაც სიმბოლურად, საქართველოს დროშასთან ერთად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართონ უკრაინის დროშა, რაც უკრაინელებიისთვის იქნება ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლო", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში მანამდეც გამართეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ჯერ საქართველოს დროშაზე ხელმოწერები შეაგროვეს და კიევში გააგზავნეს, შემდეგ კი, მოსალოდნელი სამხედრო ინტერვენცია ქალაქის ცენტრში დაგმეს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციებისთვის ემზადებიან.ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ყველაზე ცხელი წერტილი უკრაინაა, კიევის ქალაქის მთავრობა მოსახლეობას სთხოვს მიწისქვეშა თავშესაფრები მოიძიოს. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმის შესახებ გამოქვეყნდა.