უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია

გურჯაანი

 უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია.
ე.წ “ჟორსის ხიდი” დაახლოებით 30 წლის წინ აშენდა და ველისციხის საკვირაო ბაზარსა და სოფელ ახაშენის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რომელიც ვითარებას გაეცნო.

„რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა ხევების ადიდება გამოიწვია და სოფელ ველისციხის ხიდი დააზიანა. შევისწავლით არსებულ ვითარებას და შესაბამის უწყებებთან ერთად თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავგეგმავთ ხიდის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებებს"-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

მესამე დღეა, კახეთში გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსები ხვალაც წვიმას პროგნოზირებენ.