ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი მაღაროს დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს შეხვდა

მაღარო

ხანგრძლივი ნალექის გამო ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რასაც ქვათაცვენა მოჰყვა. დიდი ზომის ქვები საცხოვრებელ სახლებთან ჩამოიშალა, შედეგად საფრთხე შეექმნა ე.წ. მაღაროს დასახლებაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი იმყოფებოდა, რომელიც არსებულ ვითარებას გაეცნო და ოჯახებს პრობლემის გადაჭრამდე ქირით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზა.

„აუცილებელია დროული რეაგირება, პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მოკლე ვადაში დავიწყებთ სამუშაოებს. განმეორებითი ქვათაცვენის შემთხვევაში არსებობს საშიშროება, საფრთხე შეექმნას მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, რომლის ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს“, -განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა. 

 

ადგილზე, ასევე მობილიზებულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები. ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები სწავლობენ, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.