სასკოლო ფორმების განაწილების მეორე ეტაპი იწყება - ვადები და დეტალები
1793087718
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სრულდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ - გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება.
სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და დღეისათვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს წევრებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„რუსთავში ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული - ლეონიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კი ახალი სანიაღვრე ქსელი მოვაწყვეთ, კომპანია GWP-იმ წყლისა და წყალარინების სისტემა განაახლა. ამ ეტაპზე, ლეონიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. ისევე როგორც ყველა პროექტში, აქაც გათვალისწინებული გვაქვს ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, მოეწყობა ველობილიკები, ტრანსპორტის მოსაცდელები და საპარკინგე ზონა. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში კიდევ ერთი გალამაზებული, კომფორტული და უსაფრთხო ქუჩა გვექნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ლეონიძის ქუჩაზე სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები და პარკინგი.
პროექტის მიხედვით ლეონიძის ქუჩაზე გარე განათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობაა გათვალისწინებული.
პროექტის ღირებულება 3 934 439 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.