რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზის 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია, დარჩენილ 3 კმ-ზე კი სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.
ხულო–ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში იგეგმება.

აქტიურად მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 8 კმ-ზეა მოწყობილი. პროექტი გზის სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემების, ტროტუარების, გზასთან მიერთებებისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა.

გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთისრეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.

აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტი მოიცავს დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობას. ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით გზას საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობის პირობებს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მჭიდროდ დასახლებულ საკურორტო დასახლებებს. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის.

რეგიონში დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად. პროექტი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას, მათ შორის ქობულეთს მოიცავს და კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის საინჟინრო გადაწყვეტების მომზადებას ითვალისწინებს.