ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ქუთაისის მერი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი  სიტყვით გამოვიდა მერთა ფორუმზე, რომელიც  UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მე - 18 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, მაროკოს სამეფოს ქალაქ ესაუირაში გაიმართა.

მერების  ფორუმზე - „კულტურის ინტეგრირება ტერიტორიულ განვითარებაში ინოვაციური პოლიტიკითა და მართვით“- ქსელის წევრი ქალაქების მერებმა ერთმანეთს გაუზიარეს  გამოცდილება და ხედვები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ფორმირებაში, ისაუბრეს  პერსპექტივებსა  და თანამშრომლობის გაძლიერებაზე,  კულტურისა და შემოქმედების  როლზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.

დავით ერემეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ქუთაისის მდიდარი კულტურული, შემოქმედებითი და ლიტერატურული მემკვიდრეობა გააცნო.

“UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთობლივი ინიციატივებით გავაძლიეროთ კულტურის როლი უკეთესი მსოფლიოს შექმნაში. კულტურა არ ცნობს საზღვრებს. ის აერთიანებს ადამიანებს, ქალაქებსა და ქვეყნებს; ქმნის დიალოგის შესაძლებლობას იქაც კი, სადაც განსხვავებული ისტორია, ენა და ტრადიციებია.

ქუთაისი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, განავითაროს პარტნიორობა ქსელის წევრ ქალაქებთან და საკუთარი გამოცდილებითაც შეიტანოს წვლილი საერთო მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული და კულტურული სახე, ამავე დროს გახდეს თანამედროვე, ინოვაციური და შემოქმედებითი ქალაქი, სადაც კულტურა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აერთიანებს საზოგადოებას და განსაზღვრავს მომავალს.”- განაცხადა საერთაშორისო ფორუმზე ქუთაისის მერმა.

✕