მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მოიცავს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე შესაბამის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის ისტორიული და კულტურული გარემოს შენარჩუნება და განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთის ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არქიტექტურული, კონსტრუქციული, ლანდშაფტური და ურბანული ინფრასტრუქტურის პროექტირების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო და საავტომობილო გზების, საინჟინრო კომუნიკაციების, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია.

ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში მოეწყობა სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირები, პარკინგი, გამწვანება, მცირე არქიტექტურული ფორმები და გარე განათება.

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მრავალფუნქციური პარკის მოწყობასა და თეატრონის რეაბილიტაციაზე მუშაობს. მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილია ახალი სარეკრეაციო სივრცის შექმნა, რომელიც მოიცავს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო ზონებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, გამწვანებულ მარშრუტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტების მიმდინარეობა და შემდგომი ეტაპები.

სამუშაოები მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დადგენილი სპეციალური რეგულაციების, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება.