ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა სიპისიმ“ სამეცნიერო-კვლევითი ანგარიშები მოამზადა: ლაბორატორიულად შემოწმდა წყლის ქიმია-ბიოლოგიური პარამეტრები, დროის სხვადასხვა პერიოდში დაკვირვება მიმდინარეობდა ტემპერატურისა და წყლის დონეების ცვლილებაზე, შეიქმნა ფოკუს-ჯგუფები და გამოიკითხა მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ - ფარგლებში.
ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის მიხედვით, კაპარჭინას წყალმა აჩვენა ეკოსისტემური სტრესის მკაფიო ნიშნები. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფიზიკურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელში წყლის ხარისხი აკმაყოფილებს დასაშვებ ნორმებს, ძირითად ჰიდროქიმიურ კომპონენტებში ფიქსირდება მნიშვნელოვანი გადახრები, რაც მიუთითებს როგორც ბუნებრივ, ისე ანთროპოგენურ დაბინძურებაზე“. რაც აღნიშნულია პროექტის - „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ - ანგარიშში.
ზურაბ ნასარაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, სტუ პროფესორი, პროექტის დირექტორი: „მდინარე კაპარჭინა ფოთის ეკოსისტემის პატარა ნაწილია, მაგრამ დიდი გულისცემაა. ის გახლავთ ფოთის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტი და მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ინდიკატორი. კვლევები გვაჩვენებს, რომ ფოთის ურბანული ზრდა, მშენებლობა და სამრეწველო ზონის გაფართოება გავლენას ახდენს მდინარის მდგომარეობაზე. არასაკმარისი სადრენაჟო სისტემა, არასწორად დაგეგმარებული ბეტონის არხები და ბუნებრივი კალაპოტის ცვლილება იწვევს მდინარის ჰიდროდინამიკური ბალანსის დარღვევას“.
გარდა ამისა, მაღალია მრავალფეროვანი წყაროებით მდინარის დაბინძურების მაჩვენებელი, მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინოა საყოფაცხოვრებო მყარი და თხევადი ნარჩენები. „ამ მასალების დაგროვება ქმნის ბარიერებს წყლის დინებისთვის და იწვევს კალაპოტის გადახრას, რაც ზრდის დატბორვის რისკს. ამდენად, მდინარის დაბინძურება არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ სოციალური პრობლემაცაა. ის ასახავს საზოგადოებრივი ცნობიერების დეფიციტს გარემოსდაცვით საკითხებზე“, - აცხადებს პროფესორი ზურაბ ნასარაია.
გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა გახდა „მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება - კვლევის ანგარიშის“ ერთ-ერთი მიზანი. ფოთის მოსახლეობის გამოკითხვის, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობისა და სიღრმისეული ინტერვიუების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობა (95.1%) კაპარჭინას მდგომარეობას ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხედ მიიჩნევს. შესაბამისად, უპრეცედენტოდ მაღალია (90%) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მდინარის მართვაში მონაწილეობის მზაობას გამოხატავს.
რესპონდენტების მონათხრობის თანახმად, მდინარის დეგრადაცია არასწორი საინჟინრო გადაწყვეტილებების, ნარჩენების არასათანადო მართვის, სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობისა და ინსტიტუციური კოორდინაციის ნაკლებობის შედეგია. ამას ემატება კლიმატის ცვლილების გავლენა, წლების მანძილზე დაგროვილი ინსტიტუციური ხარვეზები და პასუხისმგებლობების გაურკვევლობა სხვადასხვა უწყებებს შორის, რაც აფერხებს სისტემური გადაწყვეტილებების მიღებას.
„მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება - კვლევის ანგარიშში“ ადასტურებს, რომ კაპარჭინას აღდგენა გადაუდებელი აუცილებლობაა ფოთის მდგრადი განვითარებისთვის. საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება არა მხოლოდ ერთჯერად გაწმენდით აქციებს, არამედ სისტემურ და გრძელვადიან მიდგომას, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო სექტორს და ადგილობრივ მოსახლეობას.
„ჩვენ გვინდა დავანახოთ მოსახლეობას, თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს კაპარჭინა, რა საშიშროება შეიძლება მომავალში მოიტანოს მდინარემ, თუ სწორი გადაწყვეტილებები დროულად არ იქნა მიღებული მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისა და იმ ეკოლოგიური პრობლემების ზეგავლენისგან გამოსაყვანად რაც დღეს მდინარის წინაშე დგას, - პროფესორი ზურაბ ნასარაია განმარტავს, რომ უკვე დაგეგმილია მდინარის განაშენიანებასა და გაჯანსაღებასთან დაკავშირებული კონკრეტული ქმედებები, რასაც ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ პერიოდულად გაახმოვანებს.
პუბლიკაცია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.