ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს

ბორჯომი

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

სოფელ ზანავში, კიკაძეების უბანში, გზის 400-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. პარალელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ქალაქ ბორჯომში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, სადაც ჯამში 250 მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება.

ბორჯომში დაიწყო ექვსი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ნიკოლაძის ქუჩის N1-სა და თორის ქუჩის N38, N40, N42, N44 და N47 ნომრებში მდებარე შენობებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ფასადები, შეიცვლება სახურავები, აივნები და კარ-ფანჯრები. დამატებით მოეწყობა დეკორატიული ელემენტები, რაც შენობებს სრულიად ახალ იერსახეს შესძენს.

ამავდროულად, სოფელ რველში ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელიც მოიცავს ტერიტორიის გამწვანებას, საბავშვო ატრაქციონებისა და მოსასვენებელი ზონების განთავსებას, ასევე თანამედროვე გარე განათების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და შადრევნის სრული რეაბილიტაცია.

აქტიურ ფაზაშია ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის კომპლექსური განახლება, რომელიც მოიცავს ახალი სახურავის მოწყობასა და შიდა ინტერიერის კეთილმოწყობას.

დაბა ახალდაბაში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სრულად აღმოფხვრის საავტომობილო გზისა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის საფრთხეს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.