სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდი შესახებ აფრთხილებენ
1753106820
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა კვლავ დაზიანდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე.
პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბიდან და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება აქტიური.
ამჟამად მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები.
პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურად შეფასებას და გზის სტაბილური კავშირისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
ჯუთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა მთიან ყაზბეგში და მასზე მისასვლელი გზის გამართული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის, ისე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.