1732386875
,,ჰაიდელბერგცემენტის“ რუსთავის ქარხანა, საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში შემოწმდა
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულებისა და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ,,ჰაიდელბერგცემენტის“ რუსთავის ქარხანაში გაიმართა.
,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილს, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა კეთდება კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების კუთხით.
,,ჩვენ ვაგრძელებთ საწარმოებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას, დღეს ,,ჰაიდელბერგცემენტში“ ვიმყოფებით. აუცილებლად ყველა საწარმოში შევალთ, რადგან რუსთაველების მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. „ჰაიდელბერგცემნტს“ ნამდვილად აქვს ინვესტიციები განხორციელებული იმ კუთხით, რომ უკვე დამონტაჟებულია ფილტრაციის სისტემა, უახლოეს მომავალში აქ იქნება დეტექტორები, რომლითაც ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ვნახავთ რეალურ მდგომარეობას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ,,ჰაიდელბერგცემენტი“ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოზე ზემოქმედების შემცირების საკითხს.
,,ჩვენ დღეს ვნახეთ რამხელა ინვესტიციას ახორციელებს ეს კომპანია, იმისთვის, რომ მისი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შემცირდეს. მათ გაუძვირდათ ელექტროენერგიის ფასი, გაუორმაგდათ ბუნებრივი აირის, ნახშირის ფასი, პანდემიაა, მაგრამ კომპანია არ აჩერებს გარემოს მიმართ პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას და ინვესტიციებს ახორციელებს. მე იმედი გვაქვს, რომ ზოგადად 2022 წელი, არა მხოლოდ ამ საწარმოსთვის, ზოგადად სხვა საწარმოებისთვისა და რუსთავისთვის, იქნება გარდამტეხი და წლის ბოლოს გაცილებით განსხვავებული გარემო იქნება ამ ქალაქში“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც ,,ჰაიდელბერგცემენტში“ აცხადებენ, ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები, აქამდე არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად იყო დამონტაჯებული და ფუნქციონირებს. არსებული კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებისთანავე საწარმოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე შეისყიდა უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.
,,ტენდერის საფუძველზე და ჩვენი გერმანელი კოლეგების რეკომენდაციით, შეირჩა უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოების მომწოდებელი წამყვანი გერმანულ კომპანია ,,დოქტორ ფოედიში“. ჰაიდელბერგცემენტმა უკვე შეიძინა აღნიშნული აპარატურა, რომლის ღირებულება 1 მილიონი ლარია და გააფორმა ხელშეკრულება აპარატურის მონტაჟზე, ინსტალაციის სავარაუდო პერიოდი 2022 წლის აპრილი-მაისია“, - განაცხადა ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა გიორგი ჩალაძემ.
2022-2023 წლებში, კომპანიაში დაგეგმილია საერთაშორისო გარემოს დაცვითი მენეჯმენტის სტანდარტის ISO 14001-ის დანერგვა, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების მენეჯმენტის უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს.