გიორგი ალადაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ალადაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ფორუმის პანელურ სესიაზე - "8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა", გიორგი ალადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კახეთზე, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის მხარეზე და ამ მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა. სახელწიფო რწმუნებულმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. 

„სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ბოლო წლებია, იზრდება გაშენებული ვენახების ფართობი, ღვინის წარმოება და ექსპორტი, ხდება ბაზრის დივერსიფიკაცია. დარგის განვითარებისთვის,  სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, რეკორდულად გაზრდილია ყურძნის მოსავალი, 2024 წელს  საქართველოს მასშტაბით გადამუშავდა 320 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 290 ათას ტონამდე  მოსავალი ღვინის საწარმოებმა კახეთის რეგიონში გადაამუშავეს. 2012 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა გაშენებული ვენახების ფართობი, რეგისტრირებული  კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა  3200-მდეა; აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა. 

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება და რთველის წარმატებით ჩატარება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიზნით მევენახე-ფერმერებთან და მეღვინეებთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

„რთველის მიმდინარეობისას, მუდმივი კოორდინაციის რეჟიმში ვიმყოფებით რთველის შტაბთან და ყოველდღიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან ერთად,  რთველის პროცესში შესაძლო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა. 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დღეს გაიხსნა. ფორუმის გახსნითი სესიის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა. 

საქართველო თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“  5-6 ივნისს მასპინძლობს. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.