1745863963
გააჩერეს ჩვენი თანამშრომელი, დაიწყეს მისი მიმართულებით ქვების სროლა, მივარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჭიათურის საწარმოების მენეჯერი

შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში" გამოეხმაურნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინიციატივო ჯგუფს სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ ინტერესში საერთოდ არ შედის წარმოების განახლება.
"ჭიათურაში საშინელი შემთხვევა მოხვდა, თავისი შინაარსით. რადიკალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფმა გააჩერა ჩვენი თანამშრომელი, დაიწყეს მისი მიმართულებით ქვების სროლა, მივარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, გაუარესდა. ახლა ველოდებით ექიმების საბოლოო დასკვნას, რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისში ჩაუტარდეს დამატებით კვლევები და პროცედურები.
ეს შემთხვევა ჩვენთვის საშინელებაა, ველური. როცა ვიწყებდით სამუშაოს, ჩვენ ვერც ვიფიქრებდით, რომ სიტუაცია აქამდე მივიდოდა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ყველა გეგმა და ჩვენი ყველა ის მოქმედება, რომელიც უკვე დავიწყეთ მაღაროების რეაბილიტაციისა და ამუშავებისთვის, გაგრძელდება. მაღაროების ამუშავების ვადები არ შეიცვლება. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, ათასი განცხადება მივიღეთ დასაქმების მსურველი მოქალაქეების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ყველა საჭირო ღონისძიება და მოქმედება შესრულდება იმ ვადებში, რომელიც ჩვენ წინასწარ დავგეგმეთ და განვაცხადეთ," - განაცხადა ჭიათურის საწარმოების მენეჯერმა, მიხაილ სოცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის გამო, იმერეთის პოლიციამ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.