ფოთში პროექტის „ეკოფოთი - სუფთა არხების კამპანია“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ფოთი

21 მარტს ქალაქ ფოთში პროექტის „ეკოფოთი - სუფთა არხების კამპანია“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: სანიაღვრე არხების სისუფთავე და ადგილობრივი მოსახლეობის როლი წყალდიდობის პრევენციაში.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სანიაღვრე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევების,  მათ შორის ძლიერი ნალექის დროს, წყლის ეფექტიანი გადინების უზრუნველყოფისათვის სანიაღვრე არხების სისუფთავის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, რომლებიც მოიცავს სანიაღვრე არხების გაწმენდას, დაგროვილი ნალექისა და ნარჩენების მოცილებას, ასევე სისტემის გამტარიანობის ტექნიკურ შეფასებას.  ასევე,  განიხილეს მოქალაქეთა პრაქტიკული ჩართულობის მნიშვნელობა და მათი პასუხისმგებლობა სანიაღვრე არხებში ნარჩენების მოხვედრის პრევენციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა შეამცირებს ძლიერი ნალექის დროს ლოკალური დატბორვის რისკებს და გააუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროცესში.

ინიციატივას ახორციელებს “თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი”, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ - ფარგლებში .