ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად - ნინო ლაცაბიძე

რუსთავი

რუსთავში „რუსთავქალაქობა 2026“-ი ულამაზესი გალა კონცერტით დასრულდა. მეგობრობის ქალაქი - ასეთი იყო წლევანდელი რუსთავქალაქობის ლაიტმოტივი. ქალაქის დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკერსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს. საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილის მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა - „რუსთავ-ქალაქს გიმღერ“ გახდა, რომელიც რუსთაველებმა, ლიზა ბაგრატიონთან, გიორგი ლომისელთან და სცენაზე მდგომ ყველა მომღერალთან ერთად შეასრულეს.

„ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად. მიხარია, რომ უსაყვარლეს ქალბატონს და ჩვენს საამაყო მსახიობს ნათელა მუხულიშვილს, მთელმა ქალაქმა ერთად მივულოცეთ 80 წლის იუბილე. მადლობა ჩემს ქალაქს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც რუსთავქალაქობაზე სუფევდა და ჩვენს უნიჭიერეს მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს, რომლებმაც მართლაც საოცარი საღამო გვაჩუქეს რუსთავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ: ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „ქართული ხმები’’, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი”, ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და დიმიტრი ხეთაგუროვი. ,,რუსთავქალაქობას" რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე აღნიშნავენ.

✕