ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება

ზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. დღეს განახლდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღეს მოუსმენს დაცვის მხარის მოწმეებს, ექსპერტს და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, აკაკი გვიანიძეს.

როგორც „ბათუმელების“ რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ განაცხადა, დღეს პროცედურულად მოსამართლეს აქვს უფლება, პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას გადახედოს.

„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება დღეს პროცესი. მზია არ უნდა იყოს პატიმრობაში, ერთმნიშვნელოვნად. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ის არის უკანონო პატიმარი, მისი პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომლის პირადი პასუხისმგებლობაა სწორედ მზიას პატიმრობაში ყოფნა, აქვს შანსი, გადახედოს გადაწყვეტილებას და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. თუმცა პოზიტიური მოლოდინი რომ გვქონდეს მისგან, ალბათ წარმოუდგენელია. გასულ კვირას ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მამის საქმე, რომელმაც 18 წლის ბიჭი დაჭრა და მოსამართლემ გირაოთი გაუშვა. მინდა, ვკითხო ნინო სახელაშვილს , ამ ფონზე სილის გაწვნის გამო ისევ დატოვებთ მზია ამაღლობელს პატიმრობაში?“- აცხადებს ნანა კვაჭაძე.

ამასთან, პროცესს დღესაც დაესწრებიან ევროპის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მზია ამაღლობელი თითქმის, ხუთი თვეა, პატიმრობაშია. პოლიციელისადმი თავდასხმის ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.