ბათუმის ბულვარმა რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების საკითხებზე რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

კონფერენცია

სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით, რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ. კონფერენციის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის დირექტორმა 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მონაწილეებს გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ბულვარში შექმნილი ახალი რეკრეაციული სივრცეების ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე, ბათუმის ბულვარის დაარსებისა და ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან. ასევე, საკუთარი გამოცდილება და ხედვები წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროსა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. მათ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს გამწვანების თანამედროვე ტენდენციებზე, მწვანე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებაზე, ისტორიულ-კულტურული ბაღების ღირებულებასა და ურბანული რეკრეაციული სივრცეების განვითარების შესაძლებლობებზე.

აღნიშნულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მწვანე სივრცეების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს. სსიპ „ბათუმის ბულვარის” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ  სამთავრობო უწყებების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

✕