ასლან ბჟანია, გადადგომის შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ვასლან ბჟანია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმაб ასლან ბჟანიამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩვენი რესპუბლიკა დიდი პრობლემების წინაშე. აფხაზეთის ხელმძღვანელობა: აფხაზეთის პრეზიდენტი, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები აფხაზეთში ადგილზე არიან და ადგილზე იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მე გთხოვთ, არ დანებდეთ პროვოკაციებს, მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად. გმადლობთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და უნიფორმაში ჩაცმული ადამიანების მხარდაჭერისა და სამსახურისთვის“.

სოხუმში, რუსეთ-აფხაზური „საინვესტიციო შეთანხმების“ წინააღმდეგ პროტესტანტებმა დღეს სამთავრობო შენობების კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაანგრიეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით შევიდნენ. აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს, მაგრამ სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. აქციის დროს 13 ადამიანი დაშავდა. პარლამენტთან სროლაც ისმოდა.

პროტესტის ფონზე პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზედაც მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო.

ოპოზიციის პროტესტის გამო აფხაზეთის პრეზიდენტები ორჯერ ვადამდე გადადგნენ. 2014 წლის 1 ივნისს ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობა დატოვა. კონფლიქტი მაშინ პროვოცირებული იყო რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონებში ქართველი ეროვნების მცხოვრებთათვის აფხაზური პასპორტების გაცემით.

2020 წლის 12 იანვარს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მაშინ ასლან ბჟანიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო (მისი და მისი მხარდამჭერების აზრით ბჟანია მოწამლეს). თუმცა მან 2020 წლის მარტის არჩევნები ხმების 56,50%-ით მოიგო. მისი მეტოქე იყო ადგურ არძინბა, რომელმაც ხმების 35,42% მიიღო. - წერს ekhokavkaza.

ვიდეო იხილეთ აქ