ირანიდან შეტევის შემდეგ, ისრაელი დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1749878807
ახალციხეში სამუსიკო სკოლის 70 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო თარიღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის კამერული ორკესტრისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომლესაც რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ორკესტრისა და პატარა პიანისტების ერთობლივად შესრულებულმა ნაცნობმა მელოდიებმა და მუსიკალურმა ნომრებმა. საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამუსიკო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. საიუბილეო თარიღი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში სამუსიკო სკოლის როლზე და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ სკოლას არაერთი ღირსეული თაობა ჰყავს აღზრდილი. ასევე, ხაზი გაესვა სამუსიკო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობას, რომელიც უკვე დაწყებულია და მალე ქალაქ ახალციხეს, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სამუსიკო სკოლა ექნება. ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალციხის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის გადაწყვეტილებით 2022 წლის სექტემბრიდან მუსიკალურ სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა და საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა.