ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
საზოგადოდ მიიჩნევა, რომ ვარჯიში მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, მაგრამ ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტორები მოქმედებს ჩვენზე დადებითად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მათი აზრით, ვარჯიშისას არამარტო ფიზიკურ მოძრაობას, არამედ ადგილმდებარეობას, მოტივაციასა და აქტივობის სოციალურ კონტექსტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ამ მიმართულებით დღემდე ჩატარებული ყველა კვლევა ვარჯიშის ხარისხსა და დამწვარი კალორიების ოდენობაზე კონცენტრირდებოდა. მეცნიერები ვარჯიშის მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას მხოლოდ მისი სიხშირით იკვლევდნენ, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებდნენ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი პატრიკ ო'კონორი.
დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობები მენტალურ სიჯანსაღეზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ ამ კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მიღებული სარგებელი ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ო'კონორის გუნდმა სხვადასხვა მიმართულების კვლევები გააანალიზა. რამდენიმე მათგანში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ სირბილის, ლაშქრობის, ცურვისა და სხვა გასართობი აქტივობების მოყვარულ ადამიანებს დეპრესია და შფოთვა ნაკლებად აღენიშნებათ. რაც შეეხება "ნაკლებად პოპულარულ ვარჯიშებს", მაგალითად სახლის დალაგებასა და გაზონის გაკრეჭას, წინა კვლევებში მათზე ნაკლებად იყო საუბარი.
მკვლევრების თქმით, შესაძლოა ვარჯიშისას კონტექსტს ისეთივე გავლენა ჰქონდეს მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორც მის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას.
„თუ ფეხბურთელი მოედანს გადაირბენს და გოლს გაიტანს, მისი მენტალური ჯანმრთელობა ფანტასტიკურად გაუმჯობესდება, მაგრამ თუ იმავეს გოლის გატანის გარეშე გააკეთებს და ხალხისგანაც ნეგატიურ რეაქციას იგრძნობს, დიდი ალბათობით, თავს უფრო ცუდადაც კი იგრძნობს. ასეთი მაგალითები კონტექსტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს", - ამბობს ო'კონორი.
ბევრ კვლევაში იყო ნაჩვენები, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ამ მხრივ სამედიცინო პრობლემები აღენიშნება. როგორც წესი ეს კვლევები მოკლევადიან და ერთგვაროვან მაგალითებზე დაყრდნობით ტარდებოდა, ამიტომ შედეგების უფრო ფართო მასებზე განვრცობა რთულია.
ვარჯიში კონტექსტის კუთხით ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი, მაგრამ შესაძლოა იგი ყველაზე მნიშვნელოვანიც კი გამოდგეს. მკვლევრები აცხადებენ, რომ ერთი და იგივე ფიზიკური აქტივობა ადგილის, სუბიექტისა და სიტუაციის მიხედვით შეიძლება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად აღიქმებოდეს.
კონტექსტი ვარჯიშის კუთხით მრავალ ფაქტორს მოიცავს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისთან ერთად და რა სიტუაციაშიიმყოფებით. თუ ორი ფეხბურთელი ზუსტად ერთნაირად ვარჯიშობს, მაგრამ ერთს თანაგუნდელებთან უკეთესი ურთიერთობა აქვს ვიდრე მეორეს, მაშინ მენტალური ჯანმრთელობის მხრივ შედეგები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.
„თუ მენტალური ჯანმრთელობის ფიზიკური აქტივობით გაუმჯობესება გსურთ, მაშინ არამარტო ვარჯიშის ინტენსივობა, არამედ კონტექსტიც უნდა გაითვალისწინოთ", - აღნიშნავს ო'კონორი.
მეცნიერები ამბობენ, რომ მხოლოდ მოძრაობით მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დამოკიდებულებაზე გარემოს, ადამიანებისა და კონკრეტული აქტივობის მიმართ.