უნდა გავრეცხოთ თუ არა ბრინჯი მომზადებამდე - რას ამბობს მეცნიერება

ბრინჯი

ბრინჯი აზიისა და აფრიკის მილიარდობით ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი საკვებია. ამასთან, ის მრავალმხრივი ინგრედიენტიცაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ პოპულარულ კერძში გამოიყენება.

მიუხედავად მისი ფართო პოპულარობისა, ხშირად ჩნდება კითხვა - უნდა გავრეცხოთ თუ არა ბრინჯი მომზადებამდე?

კულინარიის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრინჯის გარეცხვა მარცვლებიდან ზედაპირულ სახამებელს აშორებს და ამის გამო ის ნაკლებად წებოვანი ხდება. კვლევებით დადასტურებულია, რომ გარეცხვისას მართლაც მცირდება ზედაპირზე არსებული თავისუფალი სახამებლის რაოდენობა.

თუმცა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რეალურად ამცირებს თუ არა გარეცხვა ბრინჯის წებოვნებას.

უახლეს კვლევაში სპეციალისტებმა ერთი და იმავე მომწოდებლის სამი ტიპის ბრინჯი შეადარეს: წებოვანი ბრინჯი, საშუალო მარცვლეულის ბრინჯი და ჟასმინის ბრინჯი. თითოეული მათგანი სამ სხვადასხვა პირობებში მოამზადეს - გაურეცხავი, სამჯერ გარეცხილი და ათჯერ გარეცხილი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გარეცხვას პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ ჰქონია არც ბრინჯის წებოვნებაზე და არც მის სიმტკიცეზე.

მეცნიერების განმარტებით, წებოვნების მთავარი მიზეზი არა ზედაპირული სახამებელი - ამილოზაა, არამედ სხვა სახამებელი, სახელად ამილოპექტინი, რომელიც ხარშვის დროს მარცვლიდან გამოიყოფა. სწორედ ამილოპექტინის რაოდენობა განსაზღვრავს, რამდენად წებოვანი იქნება კონკრეტული სახეობის ბრინჯი.

მიუხედავად ამისა, ბრინჯის გარეცხვას მაინც აქვს თავისი სარგებელი.

ტრადიციულად, ბრინჯს რეცხავდნენ იმისთვის, რომ მოეშორებინათ მტვერი, მწერები, პატარა ქვები და ქერქის ნარჩენები, რომლებიც დამუშავების შემდეგ შეიძლება დარჩენილიყო.

თანამედროვე კვლევებმა კიდევ ერთი პრობლემა გამოავლინა - მიკროპლასტმასები. პლასტმასის ფართო გამოყენების გამო საკვების მიწოდების ჯაჭვში, მიკროპლასტმასები აღმოაჩინეს სხვადასხვა პროდუქტში, მათ შორის ბრინჯშიც. კვლევის მიხედვით, გარეცხვამ შესაძლოა ბრინჯში არსებული პლასტმასის ნაწილაკების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შეამციროს.

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ბრინჯი პლასტმასის შეფუთვაში იყიდება თუ ქაღალდის — მიკროპლასტმასების რაოდენობა თითქმის ერთნაირია. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მყისიერ, ანუ წინასწარ მოხარშულ ბრინჯში, პლასტმასის შემცველობა ოთხჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ბრინჯში. მისი გარეცხვით კი შესაძლებელია მიკროპლასტმასების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდეს.

ბრინჯი ასევე ცნობილია დარიშხანის შედარებით მაღალი შემცველობით, რადგან მცენარე ზრდის პროცესში ამ ნივთიერებას ნიადაგიდან ადვილად ითვისებს.

კვლევების მიხედვით, გარეცხვამ შეიძლება ბიოხელმისაწვდომი დარიშხანის თითქმის 90% მოაშოროს, თუმცა ამასთან ერთად იკარგება ორგანიზმისთვის სასარგებლო ზოგიერთი მინერალიც - სპილენძი, რკინა, თუთია და ვანადიუმი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბრინჯს იშვიათად მიირთმევენ და სრულფასოვნად იკვებებიან, ეს დანაკარგი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით გარეცხილ ბრინჯს მოიხმარენ, ამან შესაძლოა კვებითი ბალანსი გარკვეულწილად შეცვალოს.

სხვა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბრინჯის გარეცხვა ამცირებს მძიმე მეტალების - ტყვიისა და კადმიუმის - რაოდენობასაც, დაახლოებით 7-20%-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაერთხელ გაფრთხილებია საზოგადოებას საკვებსა და წყალში არსებული დარიშხანის ჯანმრთელობის რისკებზე.

დარიშხანის შემცველობა ბრინჯში დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ის მოყვანილი, რა ჯიშისაა და როგორ მუშავდება.

სპეციალისტების რეკომენდაცია მარტივია - ბრინჯის მომზადებამდე მისი გარეცხვა მაინც სასურველია.