1730578379
შეიძლება თუ არა, რომ ორსულს სახლში კატა ჰყავდეს? - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაცია
არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ქალი ორსულადაა, არ არის სასურველი, მასთან ახლოს შინაური ცხოველებიც იმყოფებოდნენ. რატომღაც, ძირითად აქცენტს, კატებზე აკეთებენ ხოლმე.
რამდენად სასურველია ამ დროს ოჯახში კატის ყოფნა - ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს:
„ბევრმა იცით, რომ თუ ქალი ორსულობის პერიოდში ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირდა, არსებობს მაღალი რისკი, რომ ის გადაედება ნაყოფს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ტოქსოპლაზმოზის ძირითადი გადამტანები არიან ტოქსოპლაზმოზით დაავადებული კატები, არსებობს აზრი, რომ ორსულმა კატა არ უნდა იყოლიოს.
რამდენად სწორია ეს აზრი, ამაზე მინდა გიპასუხოთ: ტოქსოპლაზმოზის გადადების რისკი ფაქტობრივად, არ არსებობს, თუ კატა არ დადის ქუჩაში, არ ნადირობს ჩიტებზე და თაგვებზე. ასევე, თუ კატა არის აცრილი და სათანადოდ დამუშავებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კატის ქვიშას ყოველ დღე ცვლიდეთ და ასუფთავებდეთ, ამ დროს, რეზინის ხელთათმანი გამოიყენეთ და ხელები კარგად დაიბანეთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ტოქსოპლაზმოზის გადადება შესაძლებელია, ასევე, უხარისხო და დაუმუშავებელი პროდუქტით, მაგალითად, უმი ხორცით. თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ტოქსოპლაზმოზით ინფიცირების რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ასე რომ, ორსულებმა შეგიძლიათ იყოლიოთ კატები, მაგრამ არ გირჩევთ, რომ კატა მაშინ აიყვანოთ, როდესაც უკვე ორსული ხართ. თუ კატა სახლში გყავთ და ის სათანადოდ მოვლილია, მაშინ არანაირ რისკს არ წარმოადგენს. პირიქით, ნებისმიერი შინაური ცხოველი არის ძალიან კარგი ანტიდეპრესანტი,“ - ამბობს ექიმი.