რომელ ზონაში გაჩენილი თმა რა დაავადებაზე მიუთითებს და რა იწვევს ჭარბთმიანობას - რას ამბობს ენდოკრინოლოგი

ქალი

რომელ ზონაში გაჩენილი თმა რა დაავადებაზე მიუთითებს და რა იწვევს ჭარბთმიანობას, თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

„ჭარბთმიანობა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი არ არის. ამ ნიშნით ორგანიზმი გვესაუბრება, რომ რაღაც რიგზე არ არის, ნივთიერებათა ცვლა დაირღვა, რის გამოც მამაკაცის სასქესო ჰორმონებმა მოიმატა.

ერთ-ერთი მიზეზი ინსულინის მომატებაა. ინსულინის მნიშვნელოვანი ფუნქცია შაქრის სისხლიდან უჯრედებში გადატანაა. ის ასევე მშენებარე ჰორმონია, ცხიმიანი ქსოვილის აშენება ძალიან უყვარს. როდესაც ადამიანი არარაციონალურად იკვებება, წონაში იმატებს, ამას ინსულინის დონის მომატება მოჰყვება. ეს კი გაცხიმოვნებას იწვევს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უშლის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. მეორე მხრივ, არღვევს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაძლოა, პოლიკისტოზური საკვერცხე განვითარდეს. მას უკვე აღარ შეუძლია, კაცის სასქესო ჰორმონები ქალის სასქესო ჰორმონებად გარდაქმნას. შესაბამისად, სისხლში მამაკაცის სასქესო ჰორმონებს ასინთეზირებს. ასეთ დროს ჭარბ წონას უნდა ვუმკურნალოთ, კვების რაციონს ყურადღება მივაქციოთ. ძალიან ხშირად მხოლოდ ეს მკურნალობა აბსოლუტურად საკმარისია ხოლმე, რომ ადამიანი ჭარბთმიანობისაგან გათავისუფლდეს.

ქალებისათვის სახის არეზე თმიანობა, თუნდაც ყვრიმალებზე, თვალის ირგვლივ, ნიკაპზე, კისერზე ნორმა არ არის. თუ ჩვენს ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონები ჭარბადაა, აღნიშნულ არეებში ჭარბთმიანობა ვითარდება. ასეთ დროს აუცილებელია, ენდოკრინოლოგს მიმართოთ.

მაგრამ, არის ისეთი მდგომარეობები, რომლის დროსაც სისხლში ტესტოსტერონი აბსოლუტური ნორმაა, მაგრამ ჭარბთმიანობა მაინცაა გამოხატული. რა ხდება ასეთ დროს? არსებობს გენეტიკური მდგომარეობები, რომლის დროსაც თმის ბოლქვი მამაკაცის სასქესო ჰორმონების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. როდესაც თმის ბოლქვს ერთი ტესტოსტერონი უკავშირდება, ის აღიქვამს, თითქოს მას 10 ტესტოსტერონი დაუკავშირდა. იწყება მისი აქტივაცია და ჭარბთმიანობა. ამიტომ, ჭარბთმიანობა შეიძლება, გენეტიკურიც იყოს".

ვრცლად: