პოპულარული სანელებელი ვირუსების წინააღმდეგ - მეცნიერების ახალი კვლევა

საშობაო სანელებლები

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარდამონის (ილის) თესლის ექსტრაქტს შეუძლია ორგანიზმის ვირუსებისგან ბუნებრივი დაცვის გააქტიურება. კვლევა, რომელიც შინშუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა S&B Foods-თან თანამშრომლობით ჩაატარეს, გამოქვეყნდა ჟურნალ Foods-ში.

ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ კარდამონის ცხელი ექსტრაქტი და მისი მთავარი აქტიური კომპონენტი, 1,8-ცინეოლი, აძლიერებს I ტიპის ინტერფერონების გამომუშავებას. ეს მოლეკულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანტივირუსულ დაცვაში, რაც უჯრედებს ეხმარება ვირუსული რნმ-ისა და დნმ-ის ამოცნობაში და ინფექციის ადრეულ სტადიაზე პათოგენის რეპლიკაციის შეჩერებაში.

ადამიანის ფილტვის უჯრედებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სანელებლებში აღმოჩენილმა ბუნებრივმა ნაერთებმაც კი შეიძლება გამოიწვიონ რთული იმუნური პასუხები, რომლებიც ეფექტურობით წამლების მსგავსია. ავტორების თქმით, შედეგები ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ კარდამონის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი პრევენციული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ვირუსული ინფექციები

ადამიანების ვირუსებით დაინფიცირების სხვადასხვა გზა არსებობს: შესუნთქვა, მწერების და პარაზიტების კბენა ან სექსუალური კონტაქტი;

ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციები ვრცელდება ცხვირის, ხორხის და ზედა სასუნთქი გზების მიდამოებში;

ექიმები დიაგნოზის დასადგენად ეყრდნობიან არსებულ სიმპტომებს, სისხლის ტესტირების და დათესვის ან დაინფიცირებული ქსოვილების გამოკვლევის შედეგებს;

ანტივირუსული მედიკამენტები ძირითადად ზემოქმედებენ ვირუსების რეპროდუქციის პროცესზე ან აძლიერებენ ვირუსული ინფექციების მიმართ ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

ვირუსი არის ინფექციის გამავრცელებელი პატარა ზომის ორგანიზმი – უფრო პატარა, ვიდრე სოკო ან ბაქტერიები. იგი ცოცხალ უჯრედში უნდა შეიჭრას იმისათვის, რომ გამრავლდეს (replicate). ვირუსი ემაგრება უჯრედს (რომელსაც უწოდებენ პატრონს), შედის მასში და უჯრედის შიგნით ათავისუფლებს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა-DNA) ან რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა-RNA). ვირუსი, თავისი გენეტიკური უნარის გამოყენებით, ახორციელებს უჯრედზე კონტროლს და აიძულებს მას, მოახდინოს ვირუსის გამრავლება. ინფიცირებული უჯრედი, ჩვეულებრივ, კვდება, ვინაიდან ვირუსი არ აძლევს მას ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას. როდესაც უჯრედი კვდება, იგი ახალ ვირუსებს ათავისუფლებს, რომლებიც მიემართებიან სხვა უჯრედების დასაინფიცირებლად.

ზოგიერთი ვირუსი არ ხოცავს უჯრედებს, მხოლოდ აინფიცირებს მათ და ამ გზით ცვლის მათ ფუნქციებს. ზოგჯერ ინფიცირებული უჯრედი კარგავს კონტროლს უჯრედის ნორმალური დაყოფის პროცესზე და ხდება კანცეროგენული. ზოგიერთი ვირუსი ტოვებს თავის გენეტიკურ მასალას პატრონ უჯრედში, სადაც ეს მასალა ხანგრძლივი დროით მთვლემარე მდგომარეობაში რჩება (ლატენტური ინფექცია). როდესაც უჯრედის მთლიანობა ირღვევა, ვირუსი თავიდან იწყებს გამრავლებას და იწყება დაავადების გამწვავება.

სხვადასხვა ვირუსი ჩვეულებრივ აინფიცირებს უჯრედების გარკვეულ ტიპს. მაგალითად, გაცივების ვირუსები ზემოქმედებენ მხოლოდ ზედა სასუნთქი ტრაქტის უჯრედებზე. ვირუსების უმეტესობა აინფიცირებს მცენარეების და ცხოველების სხვადასხვა სახეობების მცირე რაოდენობას. ზოგიერთი მხოლოდ ადამიანებში იწვევს ინფექციას. ბევრი ვირუსი უფრო ხშირად ჩვილებსა და ბავშვებშია გავრცელებული.

ვირუსები ვრცელდება სხვადასხვა გზით: ზოგიერთი გადაიყლაპება, ზოგიერთი ჩაისუნთქება და ზოგიერთი მწერების და პარაზიტების კბენით ვრცელდება (მაგალითად, კოღოები და ტკიპები), ზოგი სექსუალური გზით გადადის.

წყარო